თავი VI. ისტორია

დილით ბავშვები საძინებლიდან ერთად გამოლაგდნენ, შევეგებე, ვთხოვე არ ეხმაურათ და სააბაზანოში გავყევი. ავუხსენი, რომ სელინს საკუთარ სახლში სტუმრები ჰყავდა და რადგან მისი ადგილი აღარ დარჩა, ჩვენთან შევთავაზე დარჩენა. ბავშვები ყოველთვის ისე ადვილად იჯერებდნენ ჩემს ნათქვამს, რომ ხანდახან მეც კი მერეოდა მათთვის ნათქვამი ტყუილი რეალობაში. თუმცა ხშირად მიფიქრია, რომ ისიც არანაკლებ რეალური იყო, რასაც მათ ვეუბნებოდი, რადგან სავსებით რეალურ ემოციებს იწვევდა. ვთქვათ, ზღაპარი, რომელიც აბსოლუტურად არარეალურია, ანუ არ არსებობს, მათში მთელ რიგ რეალურ ემოციებს იწვევს, და არამარტო ბავშვებში. როგორ შეიძლება “არაფერმა” წარმოქმნას “რაღაც”? თუნდაც ემოცია? ე.ი. ეს “არაფერი” არის პოტენციური “რაღაც”, და გამოდის, რომ არც მთლად “არაფერია”. ძალიან შორს წავედი, ამასობაში უმცროსმა იფიქრა, რომ ხელებს საკმარისი ძალისხმევით არ იბანდა (ალბათ იმიტომ, რომ თვალგაშტერებული ვუყურებდი) და ლამის გადაიტყავა ხელის ზურგები. პირსახოცი მივაშველე, გავამშრალე და სამზარეულოში გავყევი.
ვფიქრობდი, რომ კარგი იყო, რომ სელინი ქართულად არ ლაპარაკობდა, მაშინ იმის შანსიც არ იყო, რომ მას რამე ისეთი წამოცდენოდა, ბავშვებს ჩემს ტყუილზე ეჭვი აეღოთ.
საუზმობისას მეგობარმა დამირეკა, პლიაჟზე მივდივართო და ბავშვებს წავიყვანთო. გამიხარდა, მინდოდა სელინთან წყნარად მესაუბრა, ისე, რომ ბავშვებს მისთვის ხელი არ შეეშალათ. გავამზადე, ჩანთა ჩავულაგე და გავატანე. სახლში რომ მოვბრუნდი, სელინს უკვე ეღვიძა და დივანზე წამომჯდარი თვალებს იფშვნეტდა. სააბაზანო მივასწავლე და ჩაიდანი ხელახლა დავდგი ასადუღებლად.
პირდაპირ მოყოლა დაიწყო.
_ ორი თვის წინ ქმარს ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. გაცოფდა. ვერ მივხვდი რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია. ბავშვი მისი იყო, თუმცა არაფრით იჯერებდა, არც მეუბნებოდა, რატომ შეჰქონდა ჩემში ეჭვი, უბრალოდ, როცა ბავშვს ვუხსენებდი, ყველაფერს ამტვრევდა, და სახლიდან გარბოდა. უკვე გითხარი, რომ ჩემი ქმარი მუნჯია. არაპირდაპირი მნიშვნელობით. მას არ შეუძლია რაღაც მითხრას, თუ რამის თქმა უნდა – მაჩვენებს. ზუსტად ერთი თვე გაგრძელდა ასე. მე უკვე შიში მქონდა მისი. ასე მეგონა, რომ იმას, რომ ეს ბავშვი არ უნდოდა, პირდაპირ ჩემი სხეულიდან დანით მისი ამოძირკვით მაჩვენებდა. ბავშვს აღარ ვახსენებდი, მომდევნო დღეები სულ მშვიდი, თავაზიანი და მზრუნველი იყო. მე ბავშვის მოცილება არ მინდოდა, არც ის ვიცოდი, რომ დამეტოვებინა რას იზამდა. ავდექი და წამოვედი. მინდოდა ეფიქრა, რომ.. არა, უბრალოდ მინდოდა ეფიქრა და მოეფიქრებინა რა უნდა ეთქვა ჩემთვის. გუშინწინ მოსაწვევი მივიღე. აღმოჩნდა რომ აქ, კინო “8 1/2″-ში აქვს პრესკონფერენცია. შენიღბული მივედი, ვიღაცებს ამოვეფარე. განაცხადა, ფილმს ვიღებ ამ ქალაქში, ეს ჩემი პირველი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იქნება და სამეცნიერო ფანტასტიკაზე იქნება აგებული, კერძოდ ლაბორატორიაში ორსულებსა და ჯერ ჩამოუყალიბებელ ნაყოფზე ექსპერიმენტებს მიეძღვნებაო.. რა უნდა მეფიქრა, როგორ ფიქრობ? ამ ქალაქში მომაგნო, დარწმუნებული ვარ, ყველას შესახებ, ვისთანაც ამ დღეების განმავლობაში კონტაქტი მქონდა, ყველაფერი იცოდა, ვერავისთან მივიდოდი, ვერსად წავიდოდი, ორი დღეა ასე ვარ. პარანოია დამეწყო. ყველგან მგონია, რომ ისაა და ყველა მგონია, რომ მისი მოგზავნილია.
თქვენ დაუჯერებდით? მე დავიჯერე, იმ პირობით, რომ გადავამოწმებდი. წუთით არ შემშინებია, არც მისი შიში იყო გადამდები. თვითონ ახსენა პარანოია – უსაფუძვლო შიში. ანუ იაზრებს რაც ხდება. ან მატყუებს და აბსოლუტურად სხვა რამის ეშინია. მე რისი მეშინია? მე მეშინია, რომ ბავშვებმა არ გაიგონ, რომ ხანდახან, როცა ისინი იძინებენ, და ვალდებული არ ვარ, რომ ძლიერი ვიყო, ძალიან მეშინია… არ ვიცი, რისი ეშინოდა ამ ქალს ეს ორი დღე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ახლა ჩემი ნდობის დაკარგვას უფრთხოდა.
თავი V. შიში
დავფიქრდი, ვერ მივხვდი, მიცნო თუარა, თვალებზე ვერაფერი შევატყე, უფრო სწორად, ამ გამოხედვაში იმდენ, ერთმანეთის გამომრიცხავ ემოციას ვხედავდი, რომ ჩავთვალე, ჯობდა თვალებით არ მეხელმძღვანელა. შევათვალიერე, თუ მარჯვნიდან მივუახლოვდებოდი, რომც შემოეტია, ვერაფერს მიზამდა, მარცხნიდან შეიძლებოდა ბუნკერზე მივენარცხებინე და სიფრთხილეც არაფერს მიშველიდა. ძალიან ნელა მივუახლოვდი, ისე, რომ ჩემი თითოეული მოძრაობა დაენახა და მიმხვდარიყო, რომ ცუდს არაფერს ვუპირებდი, როგორც ჩანს, ნდობა მოვიპოვე, თავი ოდნავ ჩემკენ გადმოხარა, ხელები რომ გავიწვდინე, არ შეკრთა. გავბედე და მკლავებზე ხელი მოვკიდე, ჯერ უბრალოდ შევეხე, მივიჩვიე, შემდგომ მოვჭიდე და ავაყენე. თვალებს არ ახამხამებდა. დავფიქრდი, როგორი ხმა მექნებოდა, ახლა რომ რამე მეთქვა და კმაყოფილმა იმით, რომ ასეთი ხმა მას არ დააფრთხობდა, ვუთხარი:

_ წამოდი ჩემთან, ჩაი დავლიოთ.
პასუხს არ ველოდი. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ თუ რამეს იტყოდა, ხმა ასეთი იქნებოდა. მერყევი და გამომცდელი:
_ წავიდეთ.
არ ვიცოდი ხელი როგორ მომეკიდა, რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო, ან რომ მე მეგრძნო, თუ გაქცევას დააპირებდა, მასზე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემი სულელური ხასიათის გამო. “სად მიმყავს ეს ქალი? რომელი იდიოტი წაიყვანდა სახლში შეშლილს? მით უმეტეს დედა, რომელსაც ორი პატარა ბავშვი ჰყავს სახლში? რატომ იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება, რომ დამერეკა პოლიციისთვის და მიეხედათ იმათ? სხვა ნებისმიერში ეს თვითკმაყოფილებას გამოიწვევდა. მე? მე მგონია, რომ ასე ვიცილებ. რამე რომ დამიშავოს? ჩემზე გაცილებით ძლიერი აგებულება აქვს, უფრო მაღალიცაა, ალბათ სიგიჟეც მეტ ძალას აძლევს ადამიანს.” სახლში ავიყვანე, სამზარეულოში დავსვი, ჩაიდანი წყლით გავავსე და გაზქურაზე დავდგი. სელინის პირდაპირ, კარისკენ ზურგით დავჯექი და არ ვიცოდი რა მეთქვა.
თვალები დაპატარავებოდა, შემცირებულიყო თვალებში შიშიც. ჩაიდანი საუკუნე დუღდებოდა, მანამდე სუფრა გავაწყე, ჩაი დავასხი და დაველოდე. გაუბედავად დაიწყო ჭამა, თუმცა მალე ტემპს უმატა და თეფშებზე თვალსა და ხელს შუა გააქრო პური, ძეხვი, ყველი და ნამცხვრები. მეორე ჭიქა ჩაის დალევისას ნელ-ნელა მოითენთა და მივხვდი, ეძინებოდა.
იმ ღამეს დივანზე დავაწვინე. მე არ მძინებია. ძილში ბოდავდა: “შენი არ არის… გამანებე თავი… მარტო მე… ფეხი…” და კიდევ ათასი გაურკვეველი სიტყვა. ერთხელ იკივლა კიდეც. კიდევ კარგი, ბავშვებს არ გაეღვიძათ. ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა მათთვის დილით სელინის ასეთი მდგომარეობა. ვერაფერი მოვიფიქრე და თავს მივენდე. ყოველთვის, როცა სიტუაცია ითხოვს და მცირე დროა, ვახერხებ მოვიფიქრო საჭირო ტყუილი. ასე კი… ასე არასდროს გამომდის.
თავი IV. სელინი.
დღიურის წინა ფურცლებს ვათვალიერებდი. რომ შეიძლებოდეს ნაწერისთვის კარდგიოგრამის გადაღება ერთი გრძელი სწორი ხაზი გამოვიდოდა. იმდენად ვარ განზე გამდგარი ყოველგვარი დინამიკისგან, რომ ხანდახან, ძირითადად ღამით, საკუთარი სუნთქვაც სხვისი მგონია.
სქემების გარჩევამ არაფერი მოიტანა. უბრალოდ, როცა მივხვდი, რომ გასარჩევი ჯერ კიდევ ბევრი იყო და მარცხის ალბათობა თითქმის ერთს უტოლდებოდა, და ამასთანავე, გაცილებით მარტივი იყო სელინისთვის განმარტება მეთხოვა, თავი გავანებე და ბავშვები დავაძინე თუ არა, ქუჩაში გამოვედი. ეს გამოსვლა სულაც არ ჰგავდა წინას, მქონდა მიზანი – მომეძებნა სელინი და რატომღაც ბედნიერი ვიყავი. ხმამაღალ ნათქვამია, მაგრამ ხშირად საკუთარი მიზანდასახულობა და ორგანიზებულობა მაბედნიერებს. თავში უკვე ზუსტად მქონდა დალაგებული ის ადგილები, სადაც შეიძლებოდა სელინი მენახა (ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ ორი, ერთმანეთის გადამკვეთი მოკლე ქუჩა; პლიაჟი, რომელიც საკმაოდ პატარა და იყო და ორი კლდით იყო შემოსაზღვრული, ასე რომ, მისი გადავლა დიდ ძალისხმევასთან არ იყო დაკავშირებული; და ორი კაფე ერთი – “ძირგავარდნილი ნავი”, რომელიც მთლად პლიაჟზე იყო და მეორე - “Летучий Голландец”, ზედ ჩვენს სახლთან), მეტიც, ზუსტად დავგეგმე მაქსიმალურად მოკლე მარშრუტი ისე, რომ ყველა წერტილი მომევლო.
სახლიდან გამოსულმა ნელა გავიარე ჩვენი ქუჩა, შემდეგ გადამკვეთ ქუჩაზე “Летучий Голландец”-ში შევედი და რადგან ჩემი უცნაური სიმორცხვის გამო მომერიდა კაფის უბრალოდ დათვალიერება, თან წასაღებად რამდენიმე კროასანი შევუკვეთე. სელინი კაფეში არ იყო. კროასანების ყუთით მოვიარე მთელი ქუჩა და ზღვისკენ წავედი. კონკურენტული კაფის ლოგოიანი ყუთით შემრცხვა “ძირგავარდნილ ნავში” ასვლა და პლიაჟის ათვისებას შევუდექი. კროასანები გემრიელი გამოდგა, სიამოვნებით მივირთვი სამივე და ყუთის გადასაგდებად ნაგვის ყუთს დავუწყე ძებნა, პლიაჟიდან ოდნავ მოშორებით დიდი ვერცხლისფერი ბუნკერი იდგა. ყუთი შიგნით ჩავაგდე და … ავკივლდი. ვიღაცას ხელი ჩემს წვივზე მაგრად მოეჭიდა და არ მიშვებდა. რამდენიმე წამიანი გაბრძოლება და თავი გავითავისუფლე, თუმცა იმ დროისთვის უკვე მივხვდი, რომ ხელი ქალს ეკუთვნოდა და დამშვიდებას შევეცადე. ბუნკერს საკმაო მანძილზე მოვშორდი და გვერდიდან შევხედე. ბუნკერის გვერდით წაბლისფერთმიანი ქალი იყო ჩაცუცქული და ტკივლამდე გახელილი ამოღამებული თვალებით მიყურებდა. არ მივუახლოვდებოდი, რომ არა ერთი გარემოება – ეს ქალი სელინი იყო.
თავი III. სქემები.
სახლი შუადღისას დავტოვე, არ მახსოვს მანამდე რას ვაკეთებდი. ასეთი დღე დიდი ხანია არ მქონია. უხმაურო, ბავშვების გარეშე… თავს უხერხულად ვგრძნობდი, რომ არაფერი მქონდა გასაკეთებელი, არაფერი იყო საჩქარო, შუადღემდე ვიქმნიდი განწყობას საიმისოდ, რომ მიმეღო ეს მდგომარეობა, როგორც ჩვეულებრივი, ბუნებრივი. სახლიდანაც უმიზნოდ გამოვედი, უცხო იყო ესეც, რომ არ იცი საით მიდიხარ, თუმცა არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირებისთვის ძნელია ასე უცებ მოიხსნა დაძაბულობა და როცა მიდიხარ ყოველ წუთში არ იფიქრო იმაზე, თუ საით მიდიხარ. ამ მხრივ თავისთვის ძალა არ დამიტანებია, რომ განუსაზღვრელი მარშუტით ევლო, ნება მისია, გადაწყვიტოს და იაროს, ეს არაფერს ცვლიდა.
სელინზე ვფიქრობდი, ადრე არ შემიმჩნევია ჩემი თავისთვის, მაგრამ ეტყობა ყოველთვის ასე იყო, მისი ცხოვრების სქემა ჩემსას დავადე და პერსონაჟები შევცვალე, ქმარი გაცოცხლდა, ბავშვები გაქრნენ და მე – ასე მარტო ზღვაზე (მშვიდად), ქმარი სადღაც სხვაგან (არ ჩამოდის და არ მაკითხავს)… შეუძლებელი მომეჩვენა, მერე ჩემს თავს ეროვნება გამოვუცვალე, გამოვუცვალე ქმარსაც.. ისევ არ აეწყო, ისევ დისონანსი. სქემას ჩემი პერსონაჟი ურევდა – ან თუ შორდებოდა, მალევე უბრუნდებოდა, ან არ ვშორდებოდა. თუმცა ეს მხოლოდ თამაშის დასაწყისი იყო, სქემას მთავარი აკლდა – სიტუაცია, სტიმული. ყველაზე ბანალურით დავიწყე – ღალატი. სქემა აბსოლუტურად სხვა იყო – ქმრის ღალატის შემთხვევაში (გააჩნია ღალატის ხარისხს, ღალატის მეორე მონაწილის ვინაობას, ღალატის დროში განფენილობას, და მთავარს – ღალატის მოტივს) იყო მოვლენათა განვითარების რამდენიმე სქემა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდა : დაშორება, თავზე დახურება, კივილი, ჩხუბი, ტირილი, შერიგება და ათასი სხვა რამ, თუმცა ცხადი იყო, ამ სელინის მოქმედების სქემასა და ამ სქემათაგან ნებისმიერი ერთის ერთიმეორეზე დადებისას ძალიან დიდი იყო განსვლა. მეორე სიტუაცია, ღალატი ჩემი პერსონაჟის მხრიდან : (ძალიან გამიჭირდა სქემების აწყობა) აქ გაცილებით მეტი სქემა იყო, როგორც ჩანს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა იმის შესახებ, თუ როგორ ვრეაგირებ გარე სტიმულზე, ე.წ. “სხვაზე”, ვიდრე იმის შესახებ, თუ როგორ ვრეაგირებ შიგნიდან მომავალ სტიმულებზე. სქემები გაცილებით ჩახლართული იყო, და გაცილებით მეტი, თუმცა მაინც არცერთი (იმედი მაქვს, რომ ყველა შევადარე სელინის ქცევის მოდელს) მოერგო პირველად სქემას.
თავში რაღაცები თავის ადგილას დალაგდა, თითქოს სიაში ერთი დიდი პუნქტი “ღალატი” უნდა გადამეხაზა და თვითკმაყოფილებამ შემიპყრო. ვიდრე ეს მოხდებოდა მივიხედ-მოვიხედე, აღმოჩნდა, რომ წრეზე დავდივარ, ისიც გავიხსენე, რომ დროდადრო გარკვეულ ადგილებში იმაზე დიდხანს შევყოვნდი, ვიდრე ნორმალურია იმ ადამიანისთვის, რომელიც დადის და არ დგას. სიას მივუბრუნდი, და მივხვდი, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი უზარმაზარი პუნქტი ამოიშალა, გამოჩნდა მთელი რიგი შესაძლო მოტივები, რომლებიც შეიძლებოდა ჩემს პერსონაჟსა და ქმრის პერსონაჟს დამართნოდათ, მითუმეტეს, რომ არ ვიცოდი როგორი იყო ჩემი პერსონაჟი და როგორი – ქმრის.
ძალიან ავირიე, თავში ათასი მოუწესრიგებელი წვრილ-წვრილი სქემები მომდიოდა, თავისი წვრილი თუ მსხვილი ქცევის მოტივებით, თავისი ჩახლართული გაუცხოებებით, ძალადობით, გარდაცვალებით თუ ათასი სხვა უბედურებით, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში დაგემართოს. როგორც წესი, არ მიჭირს ხოლმე კითხვების დასმა და არც უტაქტოდ გამომდის, მითუმეტეს, რომ… მოკლედ, სიტუაცია ისეთია, რომ მთხრობელი, როგორც ვამპირი, მეძებს მე, მსმენელს, მსხვერპლს, რათა მიამბოს თავისი თავგადასავალი, მე, მსხვერპლს, არათუ არ მითხოვია, არამედ არც თანხმობა მიმიცია მისთვის, რომ ამბავი მოეთხრო, შესაბამისად, მაქვს უფლება, არ ვიგრძნო თავი დამნაშავედ, რომ მოვისმინე და მეტიც, მოვითხოვ ამბის ბოლომდე მიყვანას. აქ არაფერია დასაძრახი.
თუმცა ყველაფერი ასე არ ხდება. მე რატომღაც ვითმენ ჩემი ცნობისმოყვარეობის უმოწყალო წვალებას, მეტიც, თვითონ ვაიძულებ გაწვალდეს, რადგან ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში კვანძის გახსნაზე ვფიქრობ. რეალურად კი..
რეალურად ყველაფერი მარტივია. როცა შენს ცხოვრებაში (მიუხედავად იმისა, რომ ეს ცხოვრება ბედნიერების საკმარისზე მეტ მოსავალს იძლევა) აღმოჩნდება რაღაც დარღვევა, რაღაც უკმარისობა, საჭიროების მოთხოვნილება, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გონება იწყებს მის ძიებას სხვის ცხოვრებაში, არა იმისთვის, რომ უშუალოდ გამოსცადოს, არამედ უბრალოდ – ინფორმაციას ეძებს. ისევე, როგორც კალცის ნაკლებობის შემთხვევაში მიირთმევენ ცარცს და ადრენალინის ნაკლებობისას ხტებიან ხიდებიდან. თუმცა ესეც არ ხსნის იმას, თუ რატომ მაინცდამაინც სელინი და არა სხვა ვინმე. გული მანამდეც არაერთს გადაუშლია, და არანაკლები პრობლემებით.
II თავი. სიზმარი
უცნაური სიზმარი ვნახე, ვითომ ზღვაზე ვიყავი. ქვიშის პლიაჟი იყო და გავიქეცი, ცოტა ვიმასხარავე ვიდრე შევიდოდი, ქვიშიდანვე დავიწყე ცურვა, ჩემები – დედა და ძმა – იცინოდნენ. მერე შევედი, შევედი, და ცოცხალი თავით არ ვსწორდებოდი მუხლებში, დაწოლილი მივდიოდი, არადა მთელი 30 მეტრი გავიარე და წყალი მაინც მუხლებამდე იყო, მერე კიდევ ვიცურე, ვიცურე და შევამჩნიე, რომ დედაჩემი მოცურავდა უკან, მეა, გეყოს, სადღა მიდიხარო, როგორც იცის ხოლმე. მე ვეუბნებოდი, მაცადე, ისეთ ადგილას მაინც გავიდე, რომ დამფაროს, თორემ ცურვა მინდა რახანია-მეთქი. კაიო და მომყვებოდა, მერე ვფიქრობდი, აქ ფსკერზე მოძრავი ქვიშა ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ მალევე ამოვიგდე თავიდან. ცოტაც ვიცურეთ და დაბნელდა და ზღვა დამთავრდა. არადა პირდაპირ მივცურავდი, რანაირად დამთავრდა, გადავირიე. ამოვედი მეორე ნაპირზე და მეორე ნაპირი საძინებელი იყო, სადაც მე, ჩემი ძმა, დედაჩემი და ერთი უცნაური, ყავისფერი ძაღლი იყო, რომელსაც გრძელი და ღორის დინგისნაირი დაბოლოებიანი ცხვირი ჰქონდა. ეს ძაღლი სულ მე დამსდევდა, მეტმასნებოდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ავიღე და არ მიპასუხა. დავუკიდე, კიდევ დარეკა, კიდევ ავიღე და არ მიპასუხა. მერე ჩემს ძმას მივეცი, მიდი რა, ვიღაც მამასხარავებს-მეთქი. აიღო იმან, და მეა მინდაო, მოესმა ყურმილში, საიდან იცნობო, მეთქი სანამ ესენი გაარკვევენ.. თვითონ გავარკვევ-მეთქი და გამოვართვი. მეთქი ვინ ხარ, და დამიწყო რუსულად ლაპარაკი, რაღაც კომპლიმენტებს მეუბნებოდა. მეთქი აზრზე ვერ მოვდივარ ვინ ხარ, და რა აზრი აქვს ლაპარაკს და ნახვამდის-მეთქი. და არ შემწინააღმდეგებია, ნახვამდისო და დავემშვიდობე. მერე უკან მოვდიოდი და ზღვაში რომ უნდა ჩავსულიყავი, ეს ძაღლი დამეტაკა ფეხზე დინგით. ნელა მოდიოდა, მაგრამ მოვიდა და დინგი შემარჭო ფეხში. მივტრიალდი და ამ დროს რაღაც მოხდა, ერთს კი მივხვდი, რომ ამ ძაღლმა გადამარჩინა.
ცივ ოფლში გამეღვიძა, ბავშვებს ეძინათ, გარეთ უკვე გათენებულიყო. ავდექი, გავიარ-გამოვიარე. ჩემი ნარუჯი დილის შუქზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე დღისით. ვცადე ამაზე მეფიქრა, ან სხვა რამე კარგზე. კიდევ ორი კვირა ზღვაზე და ისევ ისეთი დღეები დაიწყება. მიუხედავად გასული სამი წლისა, ყველა თანაგრძნობით მიყურებს. იყო დრო, როცა ეს მსიამოვნებდა, როცა მართლა სუსტად ხარ, ყოველგვარი სიამაყის გარეშე შეგიძლია მიიღო თანაგრძნობა, როგორც დამსახურებული, შენთვის განკუთვნილი, თუმცა ეს დრო გავიდა და ქვრივის სტატუსი ძნელი სათრევი გახდა და სასიამოვნო მოულოდნელობაა უკვე იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ან არ იცის ჩემ შესახებ, ან თუ იგებს, ისე არ მიყურებს, როგორც მათხოვარს, რომლის მისაცემად ხურდა არ დარჩა.
ისევ ჩავიძინე, სულ ტყუილად, მესიზმრა, რომ მარცხენა თვალში ჩირქი მქონდა და გამოვირწყე. ვხედავდი როგორ გამოდიოდა.
საუზმეს რომ ვამზადებდი ბავშვები შემოლაგდნენ. მაისურების ამარა, აჩეჩილი თმებით, შესიებული სახით და თვალების სრესით. უმცროსი კარგ განწყობაზე, უფროსი უხასიათოდ. უმეტესად ასეც იყო, თუმცა საუზმემ ორივე კარგ განწყობაზე დააყენა და ისეთი ჭყლოპინი დაიწყეს, სახლში ყველა გააღვიძეს. ჭყლოპინს რომ მორჩნენ გაახსენდათ, რომ წუხელ მე არ დამიძინებია და სელინზე მკითხეს, როგორიაო. მე ვუთხარი კარგია-მეთქი. თქვენსავით უყვარს ნამცხვრები და ტკბილი წვენები-მეთქი. გაუხარდათ და მოვიდეს ჩვენთანო, დაპატიჟება მთხოვეს. მერე მკითხეს, ქართულად რატომ ვერ ლაპარაკობსო. მე ვუთხარი, არ იცის-მეთქი. რატომ, ალბათ პატარა რომ იყო, მაშინ ვერ ისწავლაო, დაასკვნეს.
ზღვაზე იმ დღეს არ გავსულვარ, სელინთან შეხვედრას მოვერიდე. ჯერჯერობით არ ვიცოდი რატომ ვერიდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ სწორად ვიქცეოდი. ბავშვები მეგობარს გავატანე.
I თავი. გაცნობა. სელინი.
Она сказала мне что её муж немой, но не в прямом а переносном смысле этого слова. “Знаешь?,”_ говорила она мне,_ ” он не умеет говорить, если хочет что-то сказать, то показывает. Однажды он хотел мне сказать что он не изменился, и что он не стареет, и он ушёл, снял фильм и показал. Я поняла.
ღია კაფეში ვისხედით. მე, უკვე დაჩვეული მოსმენას, ჩანგლით ვწმენდდი ლამბაქიდან ნამცხვრის დარჩენილ კრემს და დროდადრო მისკენ ვიხედებოდი, რომ თვალებში შემეხედა. თუმცა ის არ მიყურებდა. თავი მთლიანად ზღვისკენ ჰქონდა მიბრუნებული და თხრობისას ხშირად ხანგრძლივ და უცნაურ პაუზებს აკეთებდა.
სელინი პლიაჟზე გავიცანი. მარტო იყო და ზღვაში შესვლა უნდოდა, თავისი ნივთები ჩამაბარა ბოდიშის მოხდით და ზღვაში შევიდა. მუხლებამდე იყო შესული რომ გამომძახა: ” Я хорошо плаваю, не волнуетесь обо мне”. ნელა შევიდა, თითქოს გარშემო ადგილს ასუფთავებდა ხელებით, შეატყობდი, რომ ფეხის წვერებზე დადიოდა, მერე მზეს გახედა (ჩვენ პირდაპირ არ ჩადიოდა) პირი მზისკენ მიატრიალა, ჩაყვინთა, დაახლოებით სამი ხანგრძლივი ამოსუნთქვა დაჰყო წლისქვეშ და ამოყვინთა. არ ვიცი მზეზე მომეჩვენა თუ რა, მაგრამ ამოყვინთვისას მზეს გაუღიმა და მისკენ უნაკლო ბრასით გასცურა. თამაშობდა.
თვალი მოვაშორე, ბავშვებს ვეთამაშებოდი, ნიჟარებს ვაგროვებდით და ქვიშაში ათასნაირ რაღაცებს ვხატავდით. ბოლოს ერთმანეთი სველი ქვიშით ამოვგანგლეთ და ზღვაში ჩამოსაბანად რომ შევიყვანე, მაშინღა გამახსენდა სელინი. გავიხედე უკვე თითქმის ჩასული მზისკენ და მის თავს მოვკარი თვალი. ბრუნდებოდა. ზურგზე დაწოლილი მოცურავდა.
ძალიან დაღლილი ამოვიდა, ბოდიში მომიხადა ამდენი ხნით გაუჩინარებისთვის და ისე, თითქოს საშინელ ცოდვას მიმხელსო, დაამატა: “Вода меня успакаивает”.
იმ დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე მხვდებოდა პლიაჟზე, მერე თვითონ ვთავაზობდი ნივთების დატოვებას, ისიც ნასიამოვნები ღიმილით მიტოვებდა და ზღვაში უჩინარდებოდა. ერთხელაც კაფეში დამპატიჟა. ბავშვები სახლში ავიყვანე, მეგობარ გოგონას დავუტოვე, გადავივლე და სველი თმებით გარეთ გამოვედი. ქუჩის გადაღმა სელინი დავინახე, ხელი დამიქნია და ქუჩა გადმოჭრა. გადმოსვლამდე სახე რადიკალურად შეეცვალა, ასეთი მანამდე რომ მენახა, ვერც ვიცნობდი, ბორდიურს შეეხო თუარა, ისევ შეეცვალა იერი.
რამდენიმე წინადადების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ (რომლის დროსაც სელინმა გაიგო, რომ ქვრივი ვიყავი და ორივე ბავშვი ჩემი იყო, რომ ქმარი ავტოკატასტროფაში დამეღუპა და უკვე სამი წელია ზაფხულს აქ ვატარებ და მე გავიგე, რომ პირველად არის ასე მარტო ზღვაზე და ცხოვრებაში მინიმუმ სამჯერ დააპირა ასე წასვლა და უხარია, რომ ახლა მაინც შედგა მისი შვებულება და რომ შვებაა ხანდახან საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრება), სელინმა საკუთარ თავზე იტვირთა მთხრობელის ფუნქცია.

ბავშვობა საფრანგეთში გაუტარებია ( არ ჩათვალა საჭიროდ ადგილის დასახელება, თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა ლაპარაკი იყო ლოკრონანზე), ცხრამეტი წლის გათხოვილა თავისზე 10 წლით უფროს ფრანგზე და ორ წელიწადში ქმრის სამსახურის გამო რუსეთში გადასულა საცხოვრებლად. რუსეთშივე დაუმთავრებია ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი და დამთავრებისთანავე საფრანგეთში დაბრუნებულა. ქმრის გარეშე. ქმარი არ გაუფრთხილებია, აეროპორტიდან დაურეკა და უთხრა, რომ დრო სჭირდებოდა. პირად ცხოვრებაზე არაფერს ჰყვება, უფრო ზუსტად, ჰყვება დიალოგებზე, ზოგად ცხოვრების წესზე, ურთიერთობებზე, თუმცა არაფერს ჰყვება წამოსვლის მიზეზებზე, კრიზისებზე. სავარაუდოდ, არ სჯერა, რომ გავიგებ და არ უნდა, რომ მანდოს. თუმცა, მე არც ის მითხოვია, რასაც მიყვება, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს.
სასიამოვნოა უსმინო ადამიანს უცხო ქვეყნიდან, შენთვის უცხო ისტორიით და იმის შეგრძნებით, რომ შენ არა თუ მეორეხარისხოვანი, არამედ საერთოდ არ ხარ ამ ისტორიის პერსონაჟი. ხარ უბრალო დამკვირვებელი, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს ისტორიის განვითარებაზე. ეს დაღლილი ადამიანების ერთგვარი კაიФია იმით, რომ გარდა იმ ცისა, რომელიც მათ თავზე ენგრევათ, არსებობს სხვა ცაც, რომელსაც ოზონის შრე გახვრეტილი აქვს და რომლიდანაც წვიმს, მაგრამ არა მათ თავზე.
სელინის პაუზამ ამჯერად ნახევარ საათზე დიდხანს გასტანა და როცა გავხედე, შეიშმუშნა. თითქოს აქამდე ვერ მიმხვდარიყო, რომ თხრობას მორჩა, ან შეიძლება კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას და გადაიფიქრა. ცივი ყავა და უკრემო ნამცხვარი შევუკვეთეთ. რომ მოგვიტანეს და წავიდნენ სელინს ვუთხარი, რომ ძალიან მომწონდა ეს კაფე იმით, რომ მომსახურე ბიჭები მეზღვაურულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები, მარცხნიდან მოდიოდნენ (როგორც წესია) და მაქსიმალურად თავაზიანად იქცეოდნენ. სელინს გაეღიმა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. თავიდან ვიფიქრე, რომ უნდოდა ჩემს შენიშვნაზე კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ისევ იმ თავისი მონათხრობის გაგრძელება მოუნდა, თუმცა ისევ გადაიფიქრა.
სახლში რომ დავბრუნდი შუაღამეს გადაცილებული იყო. სარკეში ჩავიხედე და მომეწონა ჩემი თავი. დასვენებული. ლამაზი. სარკეში არ ჩანდა, რომ ორი შვილის დედა ვიყავი. ეს გავიფიქრე და გამეცინა. სტერეოტიპები. ვითომ არსებობს ორი შვილის დედის ხატი და ვითომ ამ ჩახედვით მივხვდი რომ მე მას არ ვერგები?
ბავშვებს დავხედე. ეძინათ. პატარას მივუწექი და კარგა ხანს ვერ დავიძინე. სელინზე ვფიქრობდი.




